30.08.2015

ბარონი დე ბაი

ამებიბისა მჯერა, ჭრელ–ჭრელი, ნაირ–ნაირი ამბებისა. მჯერა, რო ამბებს კაცივით დაყვებათ ხოლმე ბედი, ზოგზე გვარიანი რომანიც დაიწერება ხოლმე, სხვანი, მრავალნი კიდევ დავიწყების ხაროში სამუდამოდ ჩასანთქმელად არიან განწირულები. ქართველებს წერა არ გვიყვარს, ერთობ უცნაური სიმორცხვე გვჭირს საკუთარ თუ სხვათა ისტორიებს, უკვე გარდასულებს, ვერ ვეწყობით როგორღაც, ეს იქიდანაც კარგადა ჩანს, რო ბიოგრაფიებსა და ავტობიოგრაფიებს ან სულ არა ვწერთ, ან თუ ვწერთ, ისე ცოტას, რო მონდომებულმა კაცმა ვგონებ თითებზეც ჩამოითვალოს ისინი. ამიტომაც ცოტა რამ ვიცით წარსულზე, განა სხვისა, ჩვენ საკუთარ წარსულზე. გაქვავებულ, კედელზე ხატად დაკიდებულ ისტორიებს კი არა ვგულისხმობს, არამედ სხვებსა, ცოცხალს, ულამოზოსაც ხშირად, უფრო ხშირად სწორედ რომ ულამაზოსა. ჰოდა, ერთი ორად მადლიერი ვარ, როცა ვინმე უცხოელი ჩამოივლის ამ ჩვენს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან ქვეყანაში, დააკვირდება, თვალს მოავლებს და ჩაიწერს რამეს, იქნებ არც ბრძნულს მეტად, იქნებ არც გამორჩეულს, მაგრამ მაინც მსუნთქავს თავისი სიცოცხლით, მაინც თავისებურად გონჯს. ეგეთი წიგნია სწორედ ბარონი დე ბაის წიგნი, წიგნი ფრანგი მოგზაურისა, რომელმაც რომ საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ იმოგზაურა ჩვენში, იმოგზაურა არა ერთხელ და რამდენჯერაც ფეხი ჩამოუცდა, იმდენჯერ წიგნი დაწერა აქაურობაზე, დაწერა სიყვარულითა და პატივისცემით, ჰო, კიდევ იმ სიფრთხილით, რომლითაც ჩვეულებრივ გამოირჩევიან ხოლმე პატიოსანი ანთროპოლოგები და გამოცდილი მისიონრები.
ვინც რომ დე ბაის წიგნში მარკიზ დე კიუსტინს დაუწყებს ძებნას, ის ტყუილად მოცდება, ჩვენი ბარონისთვის განგებას არ მიუცია არც სითამამე, არც კირკიტა და მახვილი თვალი, სწორედ ის თვალი, რომელმაც ამისთანა სახელი მოუპოვა, მისსავე თანამემამულეს. მეტსაც ვიტყვი, არც ფრანგული სნობიზმი დასდევს ამ წიგნს, ისევ იმავე კიუსტინისა, არც მასშტაბი დიუმასი, მაგრამ ისე საამოდ იკითხება, თქვენი მოწონებული. ვისაც ყმაწვილკაცობისას ერთხელ მაინც უნახავს ჩიხტიკოპიანი დიდედისა და ახალუხიანი პაპის პაპის გადიდებული სურათი საკუთარი ლამის მიტოვეული სახლის კედელზე, ის გამიგებს კარგად. ჰო ვთქვი თავში, ამბები მიყვარს–მეთქი, ამბები, დავიწყებას მიცემული, ბარონ დე ბაის წიგნი კიდევ თავშესაფარია ე მაგისთანა ამბებისა. როგორა ვთქვა, ეს სენტიმენტალური აღწერა უკვე დავიწყებული საქართველოსი, იმის წესებისა და ზოგი ზნე–ჩვეულებისა, სასარგებლო იყოს ვგონებ თითეულისთვის, იმიტომ რომ მანდა წერია, რანი ვიყავით, როგორც დიდი იაკობი იტყოდა. მართალია, ცალმხრივად წერია, უფრო კარგზე ყურადღებამიქცევით, ავის დავიწყებით, მაგრამ ეს კარგიც ხო გამოსადეგია, გულზე მოსახვედრია, განსაკუთრებით დარდმოწოლილზე. არი წიგნები, მათ შორის მოგზაურებისაც, ცივი წიგნებია, ციფრებიანი, ბარონისა მასე არ არის, პირიქითაა, ნაცარწაყრილ ნაღვერდალსა გავს.
თავად წერს ერთგან, თუ არა ვცდები აკაკი წერეთლის აღწერისას, მეო, ანთროპოლოგია როგორღაც ბოტანიკასავით მესმის, რომელიმე ერის ხასიათის გასაგებად საუკეთესო თუ რამ მოეძევებოდეს მას, თვისება იქნება თუ სხვა, გამოარჩიო უნდა და მხოლოდ ამგვარად მიიღებ სრულ წარმოდგენას იმ ხალხზეც, იმ ქვეყანაზეც და იქაურ კულტურაზეცო. მასეც მოქცეულა ამ წიგნში თავად, თუ რამ კარგი უნახავს და მოსწონებია, შეუკრებია ისა, მოუბოჭავს და ჩაუწერია, სიკვდილს გადაურჩენია. იგონებს ერთგან, ეკლესიაში მივედით და პირი ღია დამრჩაო, კაცის სიგრძე ძაფები ყოფილა გაბმული სულ, უკითხავს, რაშია საქმე, ვინ არი ეს ძაფის გამბმელი ხალხი, ან აქ რას მოუყვანია და ან ამას რას ჩადიან, რო ჩადიანო. უთქვამთ ქართველებს, მლოცველები არიან ესენიო, ჭირისულფლებიო, ოჯახის წევრი ჰყვათ ავად სუყველას და იმათ მორჩენას ევედრებიან სალოცავსო. ჩვეულება ყოფილა, ეკლესიის საძირკვლისთვის უნდა შემოეტარებინათ თურმე ძაფი, ისე ევერებოდნენ უფალს საიქიოსკენ პირმიქცეულის მობრუნებას. ჰა, როგორია! და რამდენი მასეთი, თუნდაც რო ნოესა და იმის შვილების ამბავი, ანდაც კიდევ მასპინძლობა ქართველებისა, უჩინმედლებო თავადობა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა ჩვენი, იმათი ლხინი და დარდი, კუდაბზიკობა და ყოველდღიურობა.
ნიკომა თქვა, ლორთქიფანიძემ, ბედისწერისგან განწირული კაცის გამოქომაგებაა მწერლობაო, ჰოდა, ამ ძველი ფრანციელის წიგნიც ეგრეა, ძეგლია რაღა, ბიუსტი, დავიწყებული საქართველოს ბიუსტი.