29.09.2015

ჯუნა ბარნსი, მშვენიერი და მივიწყებული

იყო ორი დიდებული კაფე იმ დროინდელ, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის, ახლადმსოფლიოომგადატანილ პარიზში, ორი კი არა მეტიც იყო ეგებ, ოღონდ სადაც რომ მოგახსენებთ, ესე იგი, სენ ჟერმენის ბულვარზე ნაღდად ეს ორი იყო გამორჩეული, les deux maggots (გაგეცინებათ და სანამ ეს კაფე მსოფლიო სახელს მოიხვეჭდა, სანამ ხელოვნების ისტორიას შეცვლიდა, სანამ მისი სახელობის ლიტერატურული პრემია დაწესდებოდა, იქამდე, ამ ორიოდე ასწლეულის წინათ, სულ თავდაპირველად, აბრეშუმის საცვლების მაღაზია ყოფილა თურმე აქა, მისი მოსახელე საცვლების მაღაზია) და café de flore. სენ ჯერმენის ბულვარი იცოდეთ იქნებ, დღესაც იგი ერთი მთავარ ძარღვთაგანია პარიზისა, ავმოენეები ამბობენ, როდესაც შუაღამე გადასულზე მთელს დანარჩენ ნაწილს ამ მსოფლიო დედაქალაქისას უნებურად ჩაეთვლიმება, ეს უბანი მაინც მღვიძარებს, სავსე თავგადასვლებით, სიმხურვალითა და შემოქმედებითი ჟინით. ,,ორ მაგოსა“ და ,,კაფე დე ფლორზე“ მოგახსენებდით, დღენიადაგ სავსე იყვნენ ხალხით მაშინ და როგორი ხალხით, სულ დარჩეულ–დარჩეულებით. ინგლისელები იქნებოდნენ ისინი, ამერიკელები, იტალიელები თუ ომს გამოქცეული ღარიბი ესპანელები, ფრანგებიც ულევად, სულ ჯოისები და ჰემინგუეები, ფიცჯერალდები და ელიოტები, სარტრები და ბოვუარები. ყველანი იყვნენ ერთად, ჭამდნენ ცოტას, სვამდნენ მეტს და ცეკვავდნენ უსასრულოდ. როგორც იმ დროის მეხოტბენი ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, ეს, ოციან–ოცდაათინი წლები გასული საუკუნისა, ეგრეთ წოდებული ,,ომთაშორისი“, თავისი თავბრუდამხვევი მომხიბლაობით სწორედაც რომ ამ უბანში გამოჩნდა თურმე მთელის თავისი სრულყოფილებით. სხვების გვერდით აქ ერთი ამერიკელი გოგოც დადიოდა, უყვარდა მოდური ქუდები, მხატვრობა, პოეზია და ყველაფერიც, რაც რომ მაშინ ბოჰემასთან იყო დაკავშირებული. ჯუნა ბარნსი ერქვა იმ გოგოს.


პარიზამდე  კი იყო შრომისა და ოჯახური კომფლიქტის მძიმე წლები, პიროვნული ტრაგედიაც, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა  ზოგიერთი მისი საქციელი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ჯუნა ბარნსი–მეთქი, პოეტი, ჟურნალისტი, პროზაიკოსი, ოციანი წლების პარიზის ერთ ყველაზე მომხიბლავი და საბედისწერო ფიგურა, ქალი, რომელიც მაშინდელი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი, გამორჩეული პარიზელის, ვისაც რომ რაიმეგვარი შეხება ჰქონდა, თუნდაც ოდნავი, ხელოვნებასთან, ბიოგრაფიაში შეგხვდებათ. ეგრეც წერენ ხოლმე დღეს ლიტერატორები, უმისოდ არც არაფერი მოხდებოდა მაინცდამაინც დიდი იქა, არც მოუვიდოდათ თავში, უმისოდ ჩაევლო რომელიმე გახმაურებულ წვეულებას და რომც მოსვლოდათ ეგ აზრი და ექნათ კიდეც, ნაქნარი ლამაზი არ გამოვიდოდაო. წიგნებსაც წერდა ჯუნა ბარნსი მაშინ, იმ აბორგებულ პარიზში, ბობოქარი პირადი ცხოვრებითაც ტკბებოდა, თომას ვუდს ყვარობდა, გადასარევ ქალს კიდევ ერთს. ისინი ერთმანეთს, ბერენის ებოტმა გააცნო არაჩვეულებრივმა ფოტოგრაფმა და პოეტმა, ოცდაათიანების წლების ნიუ–იორკის დიდმა ისტორიკოსმა, მის შემოქმედებას აფასებდნენ და განადიდებდნენ მეოცე საუკუნის უდიდესი ოსტატები: ჟან კოქტო, ჯეიმს ჯოისი, იმრე კერტეში. ბერენის ებოტი და ჯუნა ერთ ბინაში ცხოვრობდნენ 1918 წელს, ცხოვრობდნენ და მომავალი დიდი ცვლილებებისთვის ემზადებოდნენ.

 ხომ არიან მწერლებიც და ადამიანებიც, რომლებისთვისაც მთელი სასიცოცხლო ენერგია, მათი არსებობის ერთ რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთში მოიყრის თავს და მერე როცა გავა ის დრო, რო მიიწურება, რაღაცნაირად მოტყდებიან, მიილევიან, თითქოს ყველაფერს ისევ ისე, ძველებურად სწორად აკეთებენ, მაგრამ აღარაფერი გამოსდით და მიუდით საქმეები თავდაღმართში. ჯუნაც ეგრე იყო, მაგათი მოდგმის. სანამ შეეძლო, ასე 30 წლამდის, ემზადა თავისი სიტყვის სათქმელად, მერე თქვა, გამოექცა იმ უზარმზარ ამერიკას და როგორც ბევრნი ან თითქმის ყველანი, მისი თაობისა, ოკეანის გაღმიდან პარიზს მიეხიზნა. მეგობრობდა ჯოისს და ელიოტს, მისი წიგნის ,,შუაღამის ტყის“ რედაქტორი სულაც გენიალური ტომას სტერნზ ელიოტი იყო, წინასიტყვაობის ავტორიც. ეგრე ამბობენ დღესაც, რომ ა იმ პარიზულ მოდერნიზმში ცოტა რამ დაწერილა მსგავსი ამ წიგნისა. სულ პირველად კიდევ ჯუნამ ლექსების კრებული გამოსცა, 8 პოეტური ნაწარმოები შეიტანა შიგნით და ხუთი ნახატი თავისი, მამისაგან გამოყოლოდა ნიჭი მხატვრობისა, ამ ლექსების მიუხედავად, სათანადო ლიტერატურული წარმატება ჯუნას სწორედ რომ ,,ღამის შვილებმა“ მოუტანა, მოუტანა, მაგრამ დიდხანს როდი გაჰყოლია იგი. აი ცოტა მერე, უკვე საუკუნის შუაში, სიჭარმაგეში ფეხგადადგმული ფოლკნერი ქალაქიდან ქალაქად რო დამოგზაურობდა, აი მაშინ სწორედ, ერთ შეხვედრაზე წამოცდა სტუდენტებთან, იყო ოდესღაც ერთი პოეტი, ჯუნა ბარნსი ერქვა, არც კი ვიცი, ახლა ცოცხალია თუ არა, თქვენ ხომ არ იცითო. დავიწყების როგორმა ტალღამ უნდა გადაგიაროს ქალს, მწერალს, რომ შენივე თანატომელს, თანამედროვეს შენსას, მეტიც, ნაცნობს და მოკეთეს, გარდაცვლილი ეგონო. მთელი ირონია ამ ამბისა და ტრაგედიაც თუ გნებავთ, იმაში მდგომარეობს, რომ თავდ ჯუნამ ფოლკნერზე ოციოდე წლით მეტი იცოცხლა და  გარდაიცვალა ყველასაგან შორს, ნიუ იორკის ერთ მყურდო გარეუბანში. ვარსკვლავური დიდება მისი მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად გაქრა და სიცოხლის ბოლო წლებში კიდევ ერთი გენიალური პოეტი მეოცე საუკუნისა, ედუარდ ქამინგსი, რომელიც რომ იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელზეც ჟუნა სიბერეში, რაღა სიბერეში საკუთარი ცხოვრებოს უკანასკნელ 42 წელიწადს, დილაობით გადმოკვეთავდა ხოლმე ქუჩას, დადგებოდა მისი ფანჯრის ქვეშ და ეძახდა, ბიოგრაფები ამბობენ, სულ ეშინოდა, ისე არ მიიცვალოს, ვერაფერი გავიგოთ ამისიო და ლამის ყოველ დილით ამოწმებდა ცოცხალი იყო თუ არა მისი დიდი მეგობარი. თუმცა ეგეცაა, რომ მშვენიერება შემოქმედებისა, დიდებულება სიმამაცისა იქნებ დაიკარგოს ხოლმე დროდადრო, თუმცა დავიწყების საბურველს კი აუცილებლად გადაიცლის ხოლმე და მერე, უკვე სიკვდილის მერე შთამომავლებიცა და თანამედროვენიც უკვე თავიდან დააფასებენ ხელოვანს.

დღეს ჯუნა ბარნსზე წიგნიც ბევრი იწერება და საერთოდაც ამერიკული ფემინიზმის ერთ–ერთ უმთავრეს ფიგურად მიიჩნევა იგი. ქალი, რომელსაც არ ეშინოდა, საკუთარ ტკივილებზე პირდაპირ ეწერა, ებრძოლა და ცხოვრებისეულ კონიუნქტურას არ დამორჩილებოდა. ქალი, რომლის ,,დიდური“ ცხოვრებაც ბიძისაგან თუ მამისაგან გაუპატიურებით დაიწყო, პარიზული ბოჰემითა და თავდავიწყებით გაგრძელდა და ნიუ–იორკის ოდინდელ გულისგულში, გრინვიჩ ვილიჯში, ამერიკელ ხელოვანთა ამ ჭეშმარიტ დედაქალაქსა თუ სამოთხეში (თქვენ როგორც გსურდეთ, ისე დაარქვით), მარტოობაში გარდაიცვალა.