26.08.2015

ანა მარია მატუტე

მოხდება ხოლმე, რომ რომელიმე ისტორიული მოვლენა განსაზღვრავს მთელი თაობის საფიქრალს, საჯავრებელსა და თავში საცემს. ჩვენშიც ეგრეა ხოლმე და რა გასკვირია ესპანეთშიც რომ მასე იყოს. თუ გენიალური 98–იანელებიბის მთელი შემოქმდება აშშ–ისთან 1898 წელს წაგებულმა ომმა განაპირობა და ამ მარცხისა და მისგან მომდინრე სამოქალაქო პროცესების აღწერას, შეფასებას , მათ შესახებ საკუთარი დასაბუთებული აზრის გამოთქმას შეელია, გაცილებით გვიან,  მომხდარიდან უკვე ნახევარი საუკუნის შემდეგ ესპანურ ლიტერატურაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც წილად ხვდათ ეცხოვრათ, ეწერათ და ესუნთქათ ფრანკოს ესპანეთში. ბევრმა მათგანმა უცხოეთში წასვლა, განსაკუთრებით კი პარიზში ცხოვრება და იქ თავისუფლად მოღვაწეობა ამჯობინა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ შერიგებიან პოლიტიკურად მათთვის სრულიად მიუღებელ რეჟიმს, არც გაქცეულან ესპნეთიდან და ყველა ხერხით ცდილობდნენ თავიანთი პროტესტი, რაც შეიძლება ხმამაღლა გამოეხატათ და გამოეხატათ აუცილებლად მხატვრულ ნაწარმოებებში.

ყველაზე მძიმედ ფრანკისტული რეჟიმის სირთულე 1920–იანი წლების ბოლოსა და 30–იანი წლების დასაწყისში დაბადებულმა მწერალთა თაობამ იწვნია, ხო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ბოლომდე შეინარჩუნეს ღირსეული სამოქალაქო პოზიცია და მათთვის მიუღებელ თანამშრომლობაზე მოძალადე ხელისუფლებასთან არ წავიდნენ. ამ ადამინებს შორის ნიჭითაც და მწერლური სიმამაცითაც გამორჩეულები იყვნენ დიდი ესპანელი პოეტი, რომანისტი და ესეისტი ხესუს ლოპეს პაჩეკო, არაჩვეულებრივი პოეტი  ლეონ ფილიპე, რომანისტი ხუან გოიტისოლო, მწერალი ანა მარია მატუტე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ეს იყო თაობა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა სამოქალაქო ომის მთელი საშინელება, ომისა, რომელმაც მოუშორებელი დაღი დაატყო როგორც ამ ადამიანების პირად ცხოვრებას, ისე შემოქმედებასაც. ყველაზე მკაფიოდ ეს დაღი სწორედ ანა მარიამ მატუტეს შემოქმედებაში შეიმჩნევა. შეძლებულ ოჯახში დაბადებული გოგონა, რომელმაც ბავშვობის სულ რაღაც ერთი წელი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბებია–ბაბუასთან სოფელში გაატარა და მერე, უკვე სახლემოხვეჭილი მწერალიც, როცა საშუალება მიეცემოდა, ყოველთვის იმეორებდა, რომ არა ის არასრული თორმეტიოდე თვე, ვინ იცის იქნებ მწერალი სულაც არ გამოვსულიყავიო. რაც, თავისთავად არც იქნებოდა გასაკვირი, ანა მარია ქოლგების მწარმოებელი ქარხნის მფლობელის ქალიშვილი გახლდათ. უკვე ფრანკისტული რეჟიმის დასრულების შემდეგ იგი გამუდმებით აღნიშნავდა, რომ მთელ თავის შემოქმედებას იგი უმადლის კასტილიურ სოფელს და იმ ძლიერ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩაბმული საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. სამოქალაქო ომმა, რომელმაც მას უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებულსმოუსწრო მთლიანად დაამსხვრია მოსიყვარულე ოჯახის მიერ შვილისთვის შექმნილი სამყარო. განსხვავებით თავისი თაობის ბევრი ავტორისგან, ანა მარია მატუტეს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ომის მთელი საშინელება (უბრალოდ ხუთიოდე წლით უფროსი იყო თითქმის ყველა იმ ავტორზე, რომლებიც მწერლურ ამინდს ქმნიდნენ მეოცე საუკუნის სამოციან, სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში. ნანახი იმდენად მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა და ანა მარიას მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწია ბრძოლამ ბავშვობიდან გამოყოლილი კოშმარების წინააღმდეგ.
ამიტომაც არის, რომ ამ არაჩვეულებრივი მწერლის ტექსტთა უმრავლესობა ძალიან დიდხანს დასტრიალებდა თავს ესპანურ ტრაგედიას, ამიტომაც რთულია ხოლმე მისი,როგორც ავტორის მიღება იმ ქვეყნის მკითხველებისათვის, საბჭოთა რეპრესიები ვისაც გამოუცდია. პოლიტიკური არჩევანი, როგორც ჩანს ანა მარიამ ადრევე გააკეთა და მერე მოგვიანებით, როცა 1964 წელს თავის ერთ–ერთ მთვარ რომანს, ,,ჯარისკაცები ტირიან ღამით“, ქაწერს, არ მოერიდება პოლიტიკურ კონიუნქტურას და თავადაც ერთ–ერთ მონაწილე მხარედ გამოჩნდება ნაწარმოებში. თუმცა ეს რომანი უკვე სახლემოხვეჭილმა მწერალმა შექმნა, იქამდე კი იყო თავბრუდამხვევი წარმატების წლები, როცა ორმოციოდე წლისას ერთის გარდა ყველა პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, რაც კი ესპანეთში გაიცემოდა, უკვე მიღებული ჰქონდა.


გარდა მწერლური წარმატებისა, სწორედ ამ პერიოდში ანა მარია მატუტე ცოლად გაჰყვა ცნობილ ესპანელ მწერალს რამონ ეუხენიო დე გოიკოეჩეას, თუმცა ზემოთნახსენები რომანის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი დიდი სკანდალით დაშორდა ერთმანეთს, მოხდა ისე, რომ მაშინ ესპანეთში მოქმედი კანონის თანახმად ანა მარია მატუტეს, უკვე მეტად სახელმოხვეჭილ მწერალს შვილთან ურთიერთობა საერთოდ აუკრძალეს. პირად ცხოვრებაში განცდილმა დრამამ, მით უფრო შვილთან დაშორებამ, რომელიც მწერალს განსაკუთრებით უყვარდა (საბავშვო მოთხრობებს უწერდა, უძღვნიდა და ა.შ), გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანა მარია ჩამოაშორა კიდეც მწერლურ საქმიანობას, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წლით.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ანა მარია მატიტე მეტად ნაყოფიერი მწერალი გახლდათ, იგი საკმაოდ ახალგაზრდა გამოვიდა მწერლურ ასპარეზზე, პირველი რომანი ჯერ კიდევ 23 წლისამ გამოსცა, ხოლო პირველი წიგნის გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ, გახმაურებული ნაწარმოებისათვის ,,დაღუპული ბიჭები“ ესპანური ლიტერატურის ორი უპრესტიჟულესი კრიტიკოსთა და ლიტერატურის ეროვნული პრემიები მიიღო.
გარდა იმისა, რომ ანა მარია მატუტე იმ იშვიათ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც თანამემამულეებისაგან ყურადღება და სიყვარული  დროულად, ლამის მწერლურ ასპარეზზე გამოსვლისთანავე დაიმსახურეს, იგი მეტად ნაყოფიერი ავტორია, მიუხედავად ასაკისა ამ დრომდე განაგრძობს წერას და თხუთმეტამდე რომანისა და მოთხრობათა რამდენიმე კრებულის ავტორია.
ანა მარია მატუტე მეოცე საუკუნის ესპანურ პროზაში ითვლება დიალოგების წარმართვის დიდოსტატად, მისი ნაწარმოებები ხშირად მოკლებულია გარეგნულ ბრწყინვალებას, თუმცა სავსეა ერთგვარი ლირიული დრამატიზმით. ანა მარია მატუტეს თიტქმის მთელი შემოქმედება სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე თამაშს, ადამიანთა ხშირად უგნურ, მაგრამ მშვენიერ სწრაფვებს ეძღვნება. ომი კი როგორც ცხოვრების წესი, როგორც ნაწარმოებთა მთავარი, ერთი შეხედვით  უსახელო, დემონური პერსონაჟი არასდროს გამქრალა მისი არაჩვეულებრივი რომანებიდან.
წერილის დასასრულს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მოხუცებულ მწერალს მეტად იშვიათი პატივი დასდეს და 1996 წელს იგი ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრად აირჩიეს, ამით იგი აკადემიის არსებობის სამასწლიან ისტორიაში მხოლოდ მესამე ქალია, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. ხოლო 2010 წელს ანა მარია მატუტეს გადაეცა ესპანური ლიტერატურის უმაღლესი ჯილდო,მიგელ დე სერვანტესის პრემია, ამჯერადაც ანა მარია მატუტე პრემიის არსებობის ისტორიაში მესამე ქალბატონი გახდა, ვისაც ეს ,,ესპანური ნობელი“, გადასცეს. სამოწლიანი ლიტერატურული მოღვაწეობის შემდეგ იგი თამამად დგას ისეთი ავტორების გვერდით, როგორებიც არიან, კარლოს ფუენტესი, ხორხე ლუის ბორხესი, ოქტავიო პასი, მარიო ვარგას ლიოსა, ადოლფო ბიოი კასარესი, მიგელ დელიბესი, კამილო ხოსე სელა და  სხვანი, არც ისე მრავალნი. ანა მარია მატუტე ცოცხალი კლასიკოსი და ესპანეთის ყველა დროის ერთ–ერთი უდიდესი ქალი ავტორია, როგორც დღეს მოიხსენიებენ ხოლმე, ესპანური პროზის დიდი დიასახლისი.